თეგი: უზენაესი სასამართლო

ბელორუსის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეანიმაციაში იმყოფება

ბელორუსის უზენაესი სასამართლოს 80 წლის თავმჯდომარე ვალენტინ სუკალო ავადმყოფობის გამო რეანიმაციაშია. ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად გარდაიცვალა როგორც მელორუსული მედია წერს, სუკალოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა რეანიმაციაში მყოფი ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ვალენტინ სუკალო ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იუსტიციის მინისტრი გახდა. 1997 წელს ანტიკონსტიტუციური რეფერენდუმის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობს. „მას შემდეგ რაც სუკალომ ბელორუსის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, ქვეყანამ სამართლიანი სასამართლოს მიღების შესაძლებლობა დაკარგა. სასამართლო პროცესი გადაიქცა რიტუალად, რომელიც უბრალოდ სახელმწიფო სტრუქტურებში წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებებს ბეჭდავს“, - წერს მედია.  

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი. ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა - მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს, უზენაესმა კი 19 ივნისს საჩივარი დაუშვებლად ცნო.  

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ინფორმაციას ადასტურებს და როგორც აცხადებს, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში სამართალწარმოება დასრულდა. ადვოკატის თქმით, ისინი მასალებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ამზადებენ. „უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის მიერ წარმოებაში მიღებიდან ზუსტად 6 თვის თავზე, 15 სექტემბერს, მიღებული იქნა განჩინება აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვეცნობა და გადმოგვეგზავნა განჩინების ასლები. ჩვენთვის გასაკვირია, რომ სასამართლომ ეს საქმე განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ეს საქმე არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, რათა უზენაეს სასამართლოს განეხილა. თუმცა, იქ ბევრი ფაქტორი იყო, რაც საჩივრებში მითითებული გვქონდა. ეს იყო თუნდაც, ამნისტირებულ მუხლთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანა, კვალიფიკაციის დაუსაბუთებლად შეცვლა, რომ არაფერი ვთქვათ მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა განხილვაზე, თქვა, რომ ეს საქმე წარმოების გარეშე იქნას დატოვებული. აღნიშნულით საქართველოში სამართალწარმოება ამოიწურა. ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის, ვფიქრობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის საკითხს, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ,“ - განაცხადა წერეთელმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას "ფულის გათეთრებაზე" და რეალური სასჯელის გამოტანას, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და  ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.  

უზენაესი სასამართლო „ვეტინგის“ შესახებ ინიციატივას სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვის საფრთხედ აფასებს

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის – ე.წ. ,,ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის „ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის „საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი“, რითიც აადვილებს „პოლიტიკური კონტოლის განხორციელებას სასამართლო ხელისუფლებაზე.“ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ  მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის ყველა წამყვანი პოზიციისთვის შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, და ჩამოყალიბდეს ქონებრივი დეკლარაციების ეფექტური სისტემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს. 11 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ „მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლა“ ქმნის „გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს-შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე.“ უზენაესი სასამართლოს თქმით, კონტროლის არსებული მექანიზმები საკმარისია და  ე.წ. ,,ვეტინგის’’ მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების  მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე. „ცხადია, რომ მითითებული აქტორების მოჭარბებული ინტერესი და მათი დღის წესრიგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ლეგიტიმაციის შესუსტებას და მართვის მექანიზმების სასამართლოს მიღმა გატანას,“ – ნათქვამია განცხადებაში. უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ე.წ. ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, „ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.“ უზენაესმა სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ  საერთაშორისო პრაქტიკამ თვალნათლად აჩვენა, მსგავსი ე.წ. ,,საგანგებო პროცედურების შედეგი“, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად ამ პრინციპის მოსპობა. ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში, აშშ-ის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ „ვეტინგის“ მიზანი „სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა გაყრა და მათი იმ კადრებით ჩანაცვლებაა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არიან მისაღები“. „ზოგადად, მე პრობლემა არ მაქვს კეთილსინდისიერების ტესტი ჩავაბარო. იძახიან, რომ ყველა მოსამართლეს არ ეხებაო. რეალურად, ეს ყველა მოსამართლეს ეხება, რადგან უკრაინაში შეეხო ყველა მოსამართლეს, ალბანეთში შეეხო ყველა მოსამართლეს,“ – განაცხადა მურუსიძემ. 27 თებერვალს, თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად დეტალური ხედვა წარმოადგინა. არასამთავრობოების თქმით, სასამართლოს რეფორმირებისთვის საჭიროა ფართო, ინკლუზიური და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა. მათი თქმით, უნდა მოხდეს კანდიდატების და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩეული პირების, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც ექნებათ გადამწყვეტი როლი. მათივე თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების სისტემა ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებით.